საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინტერდიასპორული ფესტივალი „ქართული სული“

2018 წლის 22-25 ნოემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომოს, „ძალა ერთობაშია“ და მისი თავმჯდომარის, ბ-ნ მევლუდ ყაფლანიშვილის ორგანიზებით, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, უკრაინის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიასა“ და ქ. ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ მონაწილეობით კვიპროსში გაიმართა ინტერდიასპორული ფესტივალი „ქართული სული“.

22 ნოემბერს ფესტივალის მონაწილეები ესტუმრნენ საქართველოს საელჩოს, სადაც შედგა  სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაცნობითი შეხვედრა. ფესტივალის ფარგლებში, 23 ნოემბერს, ქ. ნიქოზიაში გაიმართა კონცერტი, რომლის მონაწილეებმაც მაყურებელს წარუდგინეს ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, საქართველოს, უკრაინის საელჩოებისა ქართული დიასპორის წარმომადგენლები. კონცერტის დასასრულს ორგანიზატორებმა მადლობის სიგელები გადასცეს ყველა მონაწილეს და ასევე: უკრაინის ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იბერიას“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ქ-ნ მანანა სულაქველიძეს, ამავე ცენტრის ქორეოგრაფს, ბ-ნ კახი ჭოხონელიძეს, ქ. ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დამაარსებელსა და ხელმძღვანელს, ბ-ნ ავთანდილ მიქაბერიძეს, კვიპროსის ქართულ სათვისტომოსთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „იმედი“ ქორეოგრაფს, ქ-ნ თამარ გელაშვილს და იუნესკოს თბილისის ქორეოგრაფიის სექციის პრეზიდენტს, ბ-ნ ზურაბ ბილანიშვილს. 24 ნოემბერს, ფესტივალის დასკვნით დღეს, მონაწილეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე და მოინახულეს წმინდა ლაზარესა და წმინდა თეკლას მონასტრები.

ინტერდიასპორული ფესტივალი მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.