საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კვიპროსის რესპუბლიკაში მეორე ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

მიმდინარე წლის 3 მარტს, ქ. ლიმასოლში, ნიქოზიას შემდეგ, კვიპროსის რესპუბლიკაში მეორე ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა. საქართველოს საელჩოსა და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოლაპარაკების შედეგად, საკვირაო სკოლა განთავსდა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე (საკვირაო სკოლის მისამართია: Larisis 4, Potamos Germasogeias 1st Primary School, Limassol). აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს ჩამოყალიბებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, სამინისტრომ საკვირაო სკოლას ხსენებული შენობა უსასყიდლოდ დაუთმო.

კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ლომინაძემ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სიტყვით მიმართა, დედის დღე მიულოცა და წარმატებული ახალი სასწავლო სემესტრი უსურვა. ელჩმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებსა და წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელთა ჩატარება წლის განმავლობაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის იგეგმება და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მათ გადაეცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური ჩართულობით საგანგებოდ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სახელმძღვანელოები.

ქ. ლიმასოლში ახლადგახსნილ ქართულ საკვირაო სკოლაში 30-მდე მოსწავლე ირიცხება. ბავშვებს ჩაუტარდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ხატვის, მუსიკისა და სპორტის გაკვეთილები.