საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის და ნატოში ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომაში

1.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის და ნატოში ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებულ სხდომაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.
 
სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ რეფორმებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, რაც ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობაა.
 
დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად საკითხად განხილულ და მოწონებულ იქნა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RoadMap2EU) დოკუმენტი. კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელშიც კონსოლიდირებულია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმები, ასევე იდენტიფიცირებულია ღონისძიებები რომლებიც მის მიღმა ევროკავშირთან ამბიციურ ინტეგრაციის ისახავს მიზნად.
 
კომისიამ ასევე მოიწონა ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის 2019 წლის სამოქმედო გეგმა და 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ასევე განხილულ იქნა ა/წლის 5 მარტს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები, ევროკავშირის ფინანსური დახმარების განხორციელების თემატიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები.

კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოს.
 
ნატოში ინტეგრაციის კომისიის სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა.