საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრის შემდგომი ერთობლივი პრესრელიზი

03.05.2019 ბრიუსელი – გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრა. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ანგარიში  და დადებითად შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2018 წლის თებერვალში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. 

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს  მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც ეს ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის 2018 წლის ნოემბერში ჩატარებულ მაღალი დონის პირველ შეხვედრაზე  აღინიშნა. ასოცირების საბჭო მიესალმა შეხვედრაზე გამართულ დისკუსიებს და აღნიშნა ორივე მხარის მზაობა, გააგრძელონ მუშაობა მის შედეგებზე. . ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაძლიერებას. 

ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი უწყვეტი ვალდებულება, ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ოთხ ძირითად სფეროში: ეკონონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები, ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა, ურთიერთკავშირები, ენერგო ეფექტიანობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები, მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის 28 ოქტომბერსა და 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების ზოგადად კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. საბჭომ ასევე აღიარა გარკვეული ხარვეზები და დაეთანხმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის დეკემბერში განახლებული კონსტიტუციის ძალაში შესვლას, რომლის მიღებით საქართველოს სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი დასრულდა. ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, თანამშრომლობისკენ და ღია დიალოგისკენ მოუწოდა, იმისათვის რომ  კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველოში მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია  და გაგრძელდეს რეფორმები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის  და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას. 

ასოცირების საბჭო მიესალმა წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსკანონის უზენაესობის სფეროში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით; საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო; მან მოუწოდა საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღის და მისი სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენ, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობისა და მერიტოკრატიის დაცვის მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკუთარ მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხებში. 

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უამრავმა მოქალაქემ ისარგებლა შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის უვიზო მიმოსვლით. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების საკითხის გადაწყვეტის მიმართულებით  და მოუწოდა საქართველოს გააგრძელოს მუშაობა შენგენის ზოგიერთ ქვეყანაში უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს  არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად შემდგომშიც გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.

ასოცირების საბჭო მიესალმა წინსვლას ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ძალისხმევას და მოუწოდებს გააგრძელოს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე მხარი დაუჭიროს გენდერულ თანასწორობას, მათ შორის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების გზით. საბჭომ ხაზი გაუსვა  ადამიანის უფლებების უნივერსალურობის პრინციპის მიმართ ერთგულებას, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვა. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე ვრცელდება და მოუწოდა საქართველოს გააგრძელოს მუშაობა შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები.

ორივე მხარე მიესალმა საქართველოს წინსვლას ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ჩათვლით. ევროკავშირი კვლავ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო; 2018 წელს მთლიანმა ორმხრივმა ვაჭრობამ 2.76 მილიარდ ევრო შეადგინა. ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქციის განსაზღვრა, რის საფუძველზეც მოხდება დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას უკავშირდება.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წელს საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში პირველი ტრანშის გამოყოფას და მეორე ტრანშის გამოყოფის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოუწოდა გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ღონისძიებების შესრულება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ურთიერთკავშირების სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა აიღო ვალდებულება საქართველოსთან ერთად გააგრძელოს ინტენსიური ჩართულობა ურთიერთკავშირების  დღის წესრიგთან და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა  ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის პირველ დიალოგს, რომელიც  2019 წლის 29 იანვარს გაიმართა. ორივე მხარემ ასევე აღნიშნა შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ევროპასა და აზიას შორის კავშირის გაღრმავებისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც  წამყვანი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ტრანზიტული ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნის გზით, მისი შუა აზიის და შავი ზღვის მონაკვეთების ჩათვლით. ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა თავის ვალდებულებაზე განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა  უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ასევე სურსათის უვნებლობის უკეთესი სისტემების საშუალებით ექსპორტის შესაძლებლობების გასაზრდელად. ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა თბილისში პირველი ევროპული სკოლის წარმატებულ დაარსებას, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპს და საქართველოს მიერ განათლების რეფორმების მხარდაჭერის გამოხატულებას. 

ევროკავშირმა აღიარა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციის განმტკიცებას. ასოცირების საბჭომ ასევე შეაჯამა 2018 წლის 23 ოქტომბერს საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრაზე   განხილული საკითხები. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე კრიზისების მართვის ოპერაციებში და მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში, საქართველოს მიერ განგრძობადი წვლილისათვის და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს  საქართველოს  შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მისი მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება ევროკავშირის ასეთი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2018 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით. საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRMs) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით საბჭომ ყურადღება გაამახვილა წინაპირობების გარეშე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის მექანიზმის განახლების  გადაუდებელ აუცილებლობაზე. 

ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელების, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით ამ რეგიონებში რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა უკანონო ქმედებების თაობაზე, მათ შორის გაძლიერებული მილიტარიზაციის , ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვის, „გამშვები პუნქტების“ დახურვის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ჩათვლით. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების გამო, განსაკუთრებით კი ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე. ამასთან დაკავშირებით ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.

ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება შეასრულოს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოციაციის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისიის მანდატის შესაბამისად. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და  ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მზარდი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებისა და წელს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის აღსანიშნავად.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ-ნი მამუკა ბახტაძე. ქ-ნი ფედერიკა მოგერინი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების  პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.