საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

ბოლო პერიოდში კვიპროსის რესპუბლიკაში გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რამდენიმე გარემოება:

·         უვიზო მიმოსვლის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ტურისტულად, ოჯახის წევრების/ახლობლების მოსანახულებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად, საერთაშორისო სემინარებში/კონფერენციებში/გამოფენებში ან მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, აგრეთვე სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად.

·         უვიზო მიმოსვლა არ ითვალისწინებს კვიპროსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას.

·         უვიზო მიმოსვლით სარგებლობისას თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები: მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს მოქმედი ჯავშანი, თანხა დღეზე მინიმუმ 50 ევროს ოდენობით (მასში არ შედის სასტუმროს თანხა).

·         ახლობელთან (რომელიც ლეგალურად იმყოფება კვიპროსში) სტუმრობის შემთხვევაში, სასტუმროს ჯავშნის ნაცვლად უნდა გქონდეთ მასპინძლისგან მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება მისი საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი და ტელეფონის ნომერი) და თქვენი ვიზიტის ხანგრძლივობა.

·         თუ კვიპროსში ყოფნისას დაგეგმილზე მეტი ხნით (მაგ. რამდენიმე დღით) გადაწყვეტთ დარჩენას, უნდა მიხვიდეთ შესაბამის ქალაქში არსებულ საიმიგრაციო სამსახურში, სადაც წარადგენთ ახალ დასაბრუნებელ ბილეთს.

·         გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი შეიძლება ეთქვას როგორც მოუწესრიგებელი ან/და არასრული დოკუმენტაციის, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესაზღვრესთან გასაუბრებისას ვერ დაადასტურებს მგზავრობის მიზანს.

·         გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის შეშვების შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფოს მესაზღვრის კომპეტენციას და საელჩო/საკონსულო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, ჩაერიოს და შეაცვლევინოს ადგილსამყოფელი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს მიღებული გადაწყვეტილება.