საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კვიპროსის პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი ფურცელია ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში - დავით ზალკალიანი

17.04.2019 ქ. თბილისი- „გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვუწოდოთ ამ ვიზიტს ისტორიული, რადგან იგი პირველად ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში“- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კვიპროსელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ,  საგარეო უწყებაში გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
 
როგორც დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, შეხვედრაზე მინისტრებმა  ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და კვიპროსს  შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
 
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა  კვიპროსელ და ქართველ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, რომელსაც საფუძვლად უდევს საერთო ფუნდამენტური ფასეულობებისადმი ერთგულება. მისი თქმით, ორ ქვეყანს შორის ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, ხალხთაშორისი კავშირები. ამ მხრივ მინისტრმა აღნიშნა პირდაპირი რეგულარული რეისების მნიშვნელობა ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით და კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წვლილი ქართული საკვირაო სკოლების საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსასყიდლოდ განთავსების საქმეში. აღსანისნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით სკოლები ფუნქციონირებს ნიქოზიაში, ლიმასოლში და უპრეცედენტოა ამ დროისათვის მოსწავლეების რაოდენობა (75).
 
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ კვიპროსის აქტიური მხარდამჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კვიპროსის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. ცოტა ხნის წინ (7 მარტს) ეს მხარდაჭერა კვიპროსის მმართველი პარტიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ  განცხადებაშიც აისახა.​“ - განაცხადა მინისტრმა.
 
ზალკალიანის თქმით, კვიპროსელ კოლეგასთან შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს  რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები. კვიპროსის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების  მუდმივ ხელყოფაზე და შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა  კვიპროსის მთავრობას, იმ წვლილისთვის რომელიც მას შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
16-18 აპრილს,  კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი საქართველოს სტუმრობენ.
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოსა და კვიპროსის რესპუბლიკას შორის  ჯანდაცვის და მედიცინის, ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის  მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა.
 
შეთანხმებას და დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს კრისტოდოულიდესმა.