საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროსკეპტიკურ განწყობებზე პასუხი უნდა იყოს კონკრეტული შედეგები ინტეგრაციის გზაზე - დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავზე

 
13.05.2019 ქ. ბრიუსელი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა. 

მინისტრის განცხადებით შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პარტნიორობის შედეგები, აღინიშნა, რომ ინიციატივამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პარტნიორი სახელმწიფოებისა და ევოკავშირის შემდგომი ურთიერთობების განვითარებაში, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ წარმატებებსა და წინსვლას, რასაც საქართველომ მიაღწია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მათ შორის ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ასოცირების შეთანხმების შესრულება,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია, ვიზალიბერალიზაცია და ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები.  საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან რუსეთის ფედერაციისადმი მკაფიო გზავნილების არსებობის აუცილებლობას. ყურადღება გამახვილდა  ასევე 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის  პერსპექტივებზე და ხაზი გაესვა, რომ ინიციატივის მომავალი და მის ფარგლებში  ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობები დამყარებული უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსა და მიზნებზე.    „საქართველო არის ლიდერი ქვეყანა, რაც  აღიარებულია პარტნიორების მხრიდან. ჩვენი სურვილია ის შედეგები, რასაც ქვეყანა აღწევს პარტნიორობის გზაზე  სათანადოდ იქნას დაფასებული და ასახული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.

დღევანდელ შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს,  ჩემი მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა მკაფიო გზავნილები პარტნიორების მხრიდან ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის მისამართით, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას. ჩვენი პასუხი ევროსკეპტიკურ განცხადებებსა და განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ცდილობს განავითაროს რეგიონში,  უნდა იყოს ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული შედეგების დემონსტრირება.  საქართველოს, პარტნიორობაში ჩართული სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის უნიკალური ფორმატები, როგორიც არის მაღალი დონის დიალოგი და უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი და ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ გავაკეთოთ მეტი, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ფუნქციურად, ეს არის მეტი ინტეგრაცია სექტორული კუთხით, მეტი ჩართულობა ევროკავშირის პროექტებში და ა.შ.“ -განაცხადა ზალკალიანმა სხდომის შეფასებისას. 

„,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’   მინისტერიალს  უძღვებოდა  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში  დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.