საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„საქართველო ყველას მიერ აღიარებულია, როგორც წარმატებული და ლიდერი ქვეყანა“-ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო მინისტერიალზე

13.05.2019 ბრიუსელი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ბრიუსელში კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ როგორც ევროკავშირმა, ასევე პარტნიორმა სახელმწიფოებმა შეაფასონ განვლილი პერიოდი და დასახონ სამომავლო მიზნები.

მისი განცხადებით საქართველო ყველას მხრიდან აღიარებულია, როგორც წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ხელშესახებ შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრის თქმით საქართველო კვლავ გააგრძელებს ამ მიზნისკენ სვლას და სწორედ ამას ემსახურება ინიციატივა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით.

„საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი და წარმატებული ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. აუცილებელია, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა განვლილი პერიოდიდან და სწორი დასკვნების საფუძველზე განვსაზღვროთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს 2020 წლის შემდეგ. ბუნებრივია საქართველო, მიუხედავად ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევებისა,  კვლავინდებურად , უფრო მეტი ენერგიით გააგრძელებს მცდელობებს და რეფორმებს, რათა ქვეყანა მოვამზადოთ ჩვენი საბოლოო მიზნისთვის“-განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ  ბრიუსელში დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული იქნა საიუბილეო ხასიათის განცხადება, იქ აუცილებლად მოხდება ინიციატივის 10 წლის შეფასება და ბუნებრივია აღნიშნული იქნება მიღწეული პროგრესიც, ასევე სამომავლო პრიორიტეტები.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს და ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს და აღნიშნა, რომ საქართველო, ევროკავშირთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ  თავიდან იქნას აცილებული უვიზო მიმოსვლის არასწორი გამოყენების შემთხვევები და იქიდან მომდინარე რისკები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში და   ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.