საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 
ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:
  1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
  2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
  4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

2019 წლის 27 ნოემბრიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.

თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა  საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში. ევროპის კონტინენტზე დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობით, ინსტიტუციების განმტკიცებითა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ.

საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხელი შეუწყოს ურთიერთკავშირს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის და ორგანიზაციის ეგიდით გააძლიეროს გარემოსდაცვითი სამუშაოები, შესაბამისი პროგრამებისა და ხელშეკრულებების საშუალებით.  ამ მხრივ, ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც იცავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და არსებითია  გარემოს ეფექტიანი დაცვისთვის. 2020 წლის 27 თებერვალს სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებზე.

საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებისა და  მოქალაქეთა უწყვეტი მონაწილეობა არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის და კრიტიკულ საკითხებზე ხსნის დიალოგს საზოგადოების შიგნით. საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში, 2020 წლის 6 მარტს სტრასბურგში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური და ინოვაციური გამოცდილების გამოვლენა, სამოქალაქო საზოგადოების მიერ ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე წარმატებულ ჩართულობასთან დაკავშირებით.

საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება. აღსანიშნავია, რომ  საქართველოს მთავრობამ 2015 წელს შეიმუშავა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც არის მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ასპექტების განვითარებისა და შემდგომი კონსოლიდაციის მხრივ. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველო, 2020 წლის 23 მარტს სტრასბურგში ჩაატარებს მრგვალ მაგიდას „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“, რომელიც გამიზნული იქნება ევროპის საბჭოს  წევრ სახელმწიფოებზე და მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას - ევროპის საბჭოს სტანდარტების პოპულარიზაცია და საქართველოს მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მიზანი იქნება ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულების - განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობის გზით დემოკრატიის განვითარებას. საქართველოს ამოცანაა მხარი დაუჭიროს ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას, რომელიც ყოველგვარი დისკრიმინაციისგან თავისუფალია და ქმნის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცულია. თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს იმ მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და პროგრამებს, რომლებსაც ევროპის საბჭო და ევროკავშირი უმაღლესი განათლების სფეროში ახორციელებენ. საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს მცდელობებს ხელი შეუწყოს კულტურულ მონაწილეობას, კულტურის დემოკრატიზაციას და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კულტურული პოლიტიკის მოდერნიზებას. საქართველოს, 2020 წლის 30 მარტს სტრასბურგში ჩაატარებს მრგვალ მაგიდას - „დემოკრატიის გაძლიერება განათლებისა და კულტურის ჩართულობით“.

ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში, როგორც ფუნდამენტური პარტნიორისა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის სფეროებში. საქართველოს თავმჯდომარეობა მხარს დაუჭერს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის დამოუკიდებლობას და მის ურთიერთდამოკიდებულ და თანმიმდევრულ ინსტრუმენტებს.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია ქ. სტრასბურგში 2019 წლის 27 ნოემბერს  გაიმართება. საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან გადმოეცემა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა  2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.