ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - კონფლიქტები ევროპაში

ministrბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო უკრაინას, როგორც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, ამ დროული და ძალზე მნიშვნელოვანი დებატის გამართვისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს რეგიონზე და ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ჩვენს კონტინეტზე არსებულ არასტაბილურ გარემოს.მსურს მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, ბატონ ანტონიო გუტერეშს და ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ ლამბერტო ზანიერის დებატებში მონაწილეობისა და კონტრიბუციისათვის. ბატონო პრეზიდენტო,გაერო შეიქმნა ომის დასასრულებად, როგორც კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფის საერთაშორისო ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, დღეს ძნელად თუ მოიძებნება რეგიონი, რომელიც არ დგას დაპირისპირებებისა თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ევროპაში არსებულ კონფლიქტებს შორის მრავალი მსგავსება და საერთო მახასიათებელია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის სახით. პირველად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ - უკრაინაში და შესაძლებელია ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ. ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთკ/ეუთო-ს ძირითად დოკუმენტებში საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე. გასულ ათწლეულში, საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობამ, გადაეჭრა გაჭიანურებული კონფლიქტები და თავიდან აეცილებინა ახალი კონფლიქტების წარმოქმნა, დაგვანახა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანებები. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, 16 წლის განმავლობაში, საქართველოში კონფლიქტზე უშიშროების საბჭომ მიიღო 39 რეზოლუცია, რომლებიც ადასტურებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს ეთნიკურ წმენდას და ხაზს უსვამს „სერიოზული ძალისხმევის აუცილებლობას იძულებით ადგილნაცვალი პირების და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის,  მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“.  საქართველოს გამოცდილებით, კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით. საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავლებელ ადრეულ ნიშნებზე.         უფრო მეტიც, აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენს დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა, რადგან 2009 წელს, UNOMIG და ეუთო-ს მისიები რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკაეთის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამ მისიების ადგილზე ყოფნისა და ვითარების მონიტორინგის მზრდი საჭიროება. ეს ნათლად ადასტურებს, რომ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, მუდმივად არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას, ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირებისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ. ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ, როდესაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი უკვე 8 წელია თანა-მოდერატორების სახით არიან ჩართულნი რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ხელშესახები შედეგის მისაღწევად, რაც უპირველეს ყოვლისა,  ყველა მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზადყოფნას საჭიროებს. აუცილებელია უფრო მეტი ჩართულობა თანათავმჯდომარეებისა და გენერალური მდივნის მხრიდან, ისევე როგორც მათ მიერ პროცესის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე წარმართვა. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ გენერალურ მდივანს, რათა უფრო ძლიერი ლიდერის როლი შეასრულოს. ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ქვეყანა უკვე დიდი ხანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონსტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის  ერთგულია. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სურს ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ისწრაფვის, რომ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა. სწორედ ამ სულისკვეთებით, საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს მოახდინოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და ღია ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. გასული წელი აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენით. რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს, ასევე, ყველა ეთნოსის წარმომადგენლის სრულ  რეინტეგრაციას ერთიან, მრავალფეროვან საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც განსხვავებული ჯგუფების კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება დაცულია. ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.ჩვენ მტკიცედ მივყვებით ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთესა და სარგებელს, რაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი. მზად ვართ  გავუზიაროთ  განვითარების გზაზე ჩვენი ყველა მიღწევა. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის  ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას,  დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ინტეგრაციის შესახებ უკანონო შეთანხმებების ხელმოწერის გზით. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს. ამასთან, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატითაა გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს,  დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. საქართველო გამოხატავს მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი  საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება. და ბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ცალსახად დაადასტუროს ერთგულება გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მიმართ.აღნიშნულ კონტექსტში, ბატონო პრეზიდენტო, ვადასტურებ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას თქვენი და სხვა ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ  ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ დავიშუროთ  იმ კონფლიქტების ეფექტიანი გადაჭრისთვის, რომლებიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას. დიდი მადლობა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ