ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
​აშშ-ის სენატში საქართველოს თაობაზე ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

 2017 წლის 30 მარტს სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია)  აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.სენატში რეზოლუციის წარდგენისას, სენატორმა უიკერმა (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარემ) აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. დროა აშშ-მა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აჩვენოს, რომ ჩვენ (აშშ) არ ვცნობთ რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების მიტაცებას. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, საქართველოდან გაიყვანოს მისი ჯარები და საერთაშორისო მონიტორებსა და ჰუმანიტარული დახმარების პერსონალს მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა.“აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორი კარდინის განცხადებით, „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების უხეშ დარღვევას და  პუტინის რეჟიმის მიერ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ნორმებისა და დემოკრატიული ფასეულობების ხელყოფის ნიმუშს წარმოადგენს, რომელსაც აშშ და ჩვენი (აშშ-ის) მოკავშირეები მტკიცედ უნდა აღუდგნენ წინ. საქართველო აშშ-ის ძლიერი პარტნიორია და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში უფრო ღრმა ინტეგრაციის მიმართულებით განაგრძობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მაგალითად, ახლახანს საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.“სენატის რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, ზოგადად, საქართველოსადმი, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში არსებულ მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას.სენატში წარდგენილი რეზოლუციის შემდგომი ეტაპი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მისი განხილვაა, რის შემდეგაც რეზოლუციის პროექტს სენატის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის შეტანის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:https://www.csce.gov/international-impact/press-and-media/press-releases/wicker-cardin-support-territorial-integrity

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ