კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე მის უნეტარესობას, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს გიორგის შეხვდა
2024 წლის 31 მაისს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე მის უნეტარესობას, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის მეთაურს, მთავარეპისკოპოს გიორგის შეხვდა.
ელჩმა მის უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოკითხვა გადასცა, ხოლო მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ თავის მხრივ თბილად მოიკითხა საქართველოს პატრიარქი.
კონსტანტინე ქვაჩაკიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება კვიპროსის ეკლესიის მიმართ, ქართული მონასტრის ასაშენებლად საქართველოს საპატრიარქოსთვის 13.000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის გამო და ხაზი გაუსვა საქართველოსა და კვიპროსის ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.
მისმა უნეტარესობამ აღნიშნა ქართველი მღვდლების წარმატებული მოღვაწეობა კვიპროსის ტერიტორიაზე, რაც მისი თქმით, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია თუ რაოდენ მჭიდრო და მეგობრული კავშირები არსებობს ორ ქვეყანასა და ეკლესიებს შორის.