საქართველომ "ევროპული არქეოლოგიის დღეებში" მონაწილეობა მიიღო.
საქართველომ "ევროპული არქეოლოგიის დღეებში" მონაწილეობა მიიღო.
კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კვიპროსის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მონაწილეობა მიიღო "ევროპული არქეოლოგიის დღეებში", რომელიც კვიპროსის კულტურის სამინისტროსა და სიძველეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.
კვირეულის ფარგლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებმა — სულიკო კოხრეიძემ და ბორის გელაშვილმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კვიპროსში".
მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია კვიპროსში აღმოჩენილი შუა საუკუნეების ქართული მონასტრების და ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპედიციების შესახებ.
მონაწილეებს სიტყვით მიმართა კვიპროსის უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა მიხალის ოლიმპიოსმა, აგრეთვე, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მარინე ნარჩემაშვილმა.
ევროპის არქეოლოგიის დღეები მიზნად ისახავს არქეოლოგიური საქმიანობის პოპულარიზაციას და საზოგადოების აქტიურ ჩართვას ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაში.
პროექტის ფარგლებში ევროპის 30 ქვეყანაში 1000-ზე მეტი სხვადასხვა აქტივობა გაიმართება. საქართველოს მონაწილეობა მიზნად ისახავდა ადგილობრივი საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებში კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
