2021 წლის 9-10 ნოემბერს, შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში.
2021 წლის 9-10 ნოემბერს, შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკაში.
9 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსის რეპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა. გაფართოებულ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულები, და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერის და მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება გატაცებები, ე.წ. ბორდერიზაცია და ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის ერთობლივი კულტურული ღონისძიებით აღნიშვნის შესაძლებლობას.
იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ქალბატონ ანიტა დემეტრიუს და მიულოცა მას ამ თანამდებობაზე არჩევა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქალბატონმა დემეტრიუმ დაუდასტურა პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ კვიპროსის მხარდაჭერა და დააფიქსირა ამ მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა.
ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა კვიპროსის მთავარეპისკოპოსთან, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-სთან და ქართველი ხალხის, დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის ქართული მონასტრის ასაშენებლად კვიპროსის პაფოსის რეგიონში.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და მოინახულა შუა საუკუნეებში კვიპროსში მოქმედი ღალიის ქართველთა მონასტრის არქეოლოგიური ძეგლი.